სასტუმრო "რედისონთან" საპროტესტო აქცია გაიმართა
დღეს, 20 ივნისს, 10 საათზე, “რადისონ ბლუ ივერიასთან” საპროტესტო აქცია გაიმართა. სწორედ ამ დროს სასტუმროში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მუშაობის 6 თვის ანგარიშის წარდგენა იწყებოდა. საპროტესტო აქციაც დასახელებული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ბოლოდროინდელი საქმიანობის ერთგვარი „ცხელი“ და „ცოცხალი“ გამოხმაურება იყო, რადგან დასახელებულ პრობლემასთან დაკავშირებით, ადამიანები დღემდე მხოლოდ სოციალური ქსელებითა და ინტერნეტით აქტივობაში იყვნენ ჩაბმულნი.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ ეჭვი შეიტანა იმ პეტიციის ნამდვილობაში, რომლითაც საზოგადოებამ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 17 მაისის მოვლენების გამოძიება მოსთხოვა.აქციის მონაწილეებმა პროტესტი გამოხატეს კომიტეტის მიერ 17 მაისთან დაკავშირებული დასკვნის პროექტის მიმართ, ასევე, აღშფოთება გამოთქვეს ბესელიას მიერ ათასობით ხელმოწერის უდიერი უგულებელყოფის გამო.
“აქცია იმართება იმის გამო, რომ ეკა ბესელია და მისი კომიტეტის წევრები შეკრებილნი არიან, რათა 6 თვის მუშაობის ანგარიში წარმოადგინონ. ჩვენ გვინდა, რომ ეკა ბესელია გამოვიდეს გარეთ და ნახოს ის ადამიანები, რომლებმაც პარლამენტისთვის გაგზავნილ პეტიციას ნამდვილად მოაწერეს ხელი.ვაპროტესტებთ 17 მაისის მოვლენებზე კომიტეტის დასკვნის სამარცხვინო პროექტს, რომელიც წინასწარ გავრცელდა.
იქ ერთმნიშვნელოვნად არ არის დაგმობილი 17 მაისის ძალადობა, ერთმნიშვნელოვნად არ არის ნათქვამი, რომ შეკრების უფლება არის ადამიანის უზენაესი უფლება. იქ წერია, რომ თუკი არღვევ მორალს, შესაძლებელია შეკრების შეზღუდვა. რომელი მორალის შეზღუდვაზეა საუბარი, ჩვენთვის გაუგებარია. ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, ითანამშრომლოს რელიგიურ ექსტრემისტებთან და დააბალანსოს დასკვნა. რელიგიურ ექსტრემიზმთან და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსის დაცვა არის შეუძლებელი”,– განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ.
აქციის მონაწილეებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მივიდა და შეხვედრა შესთავაზა, რომელიც სავარაუდოდ ხვალ, იუსტიციის სახლში გაიმართება. მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც 17 მაისის მოვლენებზე კომიტეტის დასკვნის პროექტს აპროტესტებენ, საშუალება ექნებათ, თავიანთი პოზიცია ადრესატამდე სრულად მიიტანონ. „მათ ასევე შეუძლიათ, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის შესახებ გამოხატონ თავისი აზრი და შენიშვნები. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ჯერ კიდევ პროექტი და არც დამტკიცებული ვარიანტია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, გედეონ ფოფხაძის მიერ დაანონსებული შეხვედრა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მხრიდან პეტიციის ხელმომწერებთან დიალოგის სურვილის პირველი გაჟღერებაა.
ძალიან საინტერესოა მოჰყვება თუ არა ხვალინდელ შეხვედრას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან რაიმე პოზიტიური გადაწყვეტილება,თუ ეს შეხვედრაც აღმოჩნდება მხოლოდ შეხვედრისათვის.ასევე ძალიან საინტერესოა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საბოლოო დასკვნის სახე როგორი იქნება.იქნება თუ არა ის კანონის უზენასობით ნაკარნახევი,თუ როგორც რამდენიმე დღის წინ განაცხადა ბესელიამ:"ეს დასკვნა არ გასცდება პატრიარქის მოსაზრებებს" ?!
No comments:
Post a Comment