Friday, June 28, 2013

ზიზღად ქცეული ფობიები
                                                                         

                  ფობია-რაიმე სიტუაციის,ობიექტის,
                საქმიანობის,ადამიანის ან ცხოველის
მიმართ ძლიერ,პანიკურ,ზიზღამდე
მისულ შიშს ნიშნავს.




საქართველო არის ქვეყანა,სადაც ტოლერანტობა ქართველების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და საამაყოდ მოსაყოლი ამბავია,მაგრამ ამ ამბავს რეალური სარჩული მაშინ ეცლება და მითოლოგიზირებული მოვლენა ხდება,როდესაც საქმე განსხვავებული რელიგიური,სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების რეალურად აღიარებაზე და თანასწორობაზე მიდგება საქმე.

გაუგებარია ქრისტიანული კულტურის ქვეყანაში,სადაც თითოეულ პიროვნებას აქვს პრეტენზია იყოს "ჭეშმარიტი მართლმადიდებელი",სიყვარულის და სიკეთის ნაცვლად,სიძულვილი და ზიზღი იფრქვეოდეს.ქართველებს შეიძლება ბევრი ღირსება ჰქონდათ და რამდენიმე კიდეც შემორჩათ,მაგრამ 1991 წელს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ,ჩვენი ერის მთავარი მონაპოვარი ფარისევლობა და ჩვენგან,უმრავლესობისგან განსხვავებული პიროვნებების მიუღებლობა და მათდამი ზიზღამდე მისული ფობიებია.

ქართულ სუფრაზე ყველას ძალიან უყვარს ერთმანეთი,თითოეული სუფრის წევრი კაცთმოყვარე და პატრიოტია,ღვინის გრადუსის მატებასთან ერთად,შეზარხოშებული ქართველისთვის ებრაელიც,სომეხიც და აზერბაიჯანელიც მისი სულის განუყოფელი ნაწილია...მაგრამ სიტყვა მაშინ სცილდება საქმეს,როდესაც სომეხი,აზერბაიჯანელი,ებრაელი,კათოლიკე,იუდეველი,ბაბტისტი,გეი თუ ლესბოსელი საკუთარ იდენტობას ღიად აფიქსირებს და საკუთარი უფლებებისთვის და თანასწორობისთვის იწყებს ბრძოლას.თანასწორობას უმრავლესობასთან,რომელიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აქვს ყველას,მაგრამ რეალურ ცხოვრებაში უმცირესობებსითვის თანასწორობა ისეთივე ილუზია და მითია,როგორიც ჩვენი ტოლერანტულობა.

ერის ფობიები რელიგიური,ეთნიკური და სექსუალური უმცირეოსბების მიმართ,ამ ბოლო დროს ძალიან თვალშისაცემი გახდა.უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა მართლმადიდებლობის და პატრიოტიზმის სახელით უმცირესობებზე ღია აგრესიის გამოხატვის.მოძალადეების აზრით რელიგიურ უმცირესობებს უფელბა აქვსთ თავიანთ სალოცავებში ჩუმად ილოცონ,ეთნიკურს-ჩურჩულის უფლებას რთავენ,სექსუალურს-უჩინრად,საკუთარ საძინებლებში აქვსთ უფლება,საკუთარი იდენტობა არ დამალონ,მაგრამ არამც დ არამც არ აქვსთ უფლება საჯაროობის და უმრავლესობისნაირი უფლებების ქონის.

სექსუალური უმცირესობები გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ავადმყოფობების სიიდან მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან ამოიღო და მას შემდეგ ცივილიზებული ქყვეყნები,უპირველესად აშშ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ  ლგბტ იდენტობის მქონე თანამოქალაქეების უმტკივნეულო ინტეგრაციისთვის საკუთარ საზოგაოდოებებში.

საქართველოში ყველაფერი სხვაგვარად არის.ლგბტ იდენტობის დემონიზების საქმეში ქართულ ეკლესიას და სასულიერო პირებს ლომის წვლილი მიუძღვის.ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელია და სასულიერო პირების მიმართ უდიდეს ნდობა არსებობს,მათი აზრი ხშირ შემთხვევაში მრევლის უმრავლესობისთვის კანონზე უფრო მნიშვნეოვანია.სასულიერო პირების აზრით სექსუალური უმცირესობების წარმომაგდენლები ავადმყოფები არიან და ერი ვალდებულია მათ უმკურნალოს,რათა დაეხმარონ გამოსწორებაში და სწორ გზაზე დააყენონ ისინი.

ილია მეორე:“ეკლესია ასეთი მიდრეკილებესის მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და მით უმეტეს მათი მდოგმარების მოსახლეობისათვის თავსმოხვევა.ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები (ფსიქოლოგია, მედიცინა) ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს.

არანაკლებ სავალალო მდგომარეობაა ეთნიკურ უმცირეოსბებთან მიმართებაში და განსაკუთრებით,ქართველები გამოირჩევიან არმენოფობიით.საქართველოში არემენოფობიური ქმედებები და განცხადებები დიდი ხანია მოდაში შემოვიდა.

რობერტ სტურუა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე : "სომეხია და რა ჰქნას ქვეყანა არ უყვარს".ამავე თემაზე,ამჯერად პრეზიდენტის ვითომდა სასიკეთოდ გააკეთა განცხადება ოთარ კობერიძემ:"პრეზიდენტს ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს,რადგან მას სომხობას აბრალებენ და ითმენს,მე კი ამას არ მოვითმენდი",კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იყო 2004-2008 წლის მეექვსე მოწვევის პარლამენტარის,უმრავლესობის(ნაციონალური მოძრაობის) წევსრი ბესარიონ ჯუღელის გაცხადება სომხებთან დაკავშირებით,როდესაც მან განაცხადა:"მიკირტუმეები ცენტრალური უბნებიდან უნდა გავასახლოთ და ჩვენ შევსახლდეთ"-ო.

მძიმეა მდგომარეობა რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებითაც.ლესელიძის ქუჩის მრავალფეროვნება,სადაც ქართული,სომხური და ებრაული ეკლესიები თითქოს სამაისავით აერთიანებენ და აძლიერებენ ქართულ გენს,ყოველთვის მეგონა,რომ თითოეული ქართველის შინაგანი მდგომარეობა იყო,მაგრამ ეს შეხედულებები საპნის ბუშტებივით გასკდა და გამეფანტა,როდესაც არსებულ რეალობას პირისპირ შევეჯახე.დიდი ხანი არ მინდოდა დამეჯერებინა,რომ ჩვენი ტოლერანტულობის შესახებ ამბავს,რომელსაც სკოლიდანვე მინერგავდნენ გონებაში,ერთი დიდი ტყუილი იყო და მეტი არაფერი,რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

რელიგიური უმცირეოსბების მიმართ მიუღებლობის და სიძულვილის ნათელი გამოვლინება იყო საპატრიარქოს ანტიჰუმანური პოზიცია.როდესაც სხვა კომფესიებისადმი იურიდიული სატატუსის მინიჭებას განიხილავდნენ პარლამენტში,რომელიც საპატრიარქოს უდიდესი წინააღმდეგბის მიუხედავად დამტკიცებულ იქნა საკანონმდებლო ორგანოს მიერ,პატრიარქმა ეს მოვლენა ლამის ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად შერაცხა. საბედნიეროდ საქართველოში მოქმედმა კონფესიებმა მიიღეს უფლება იურიდიული სტატუსი მიეღოთ,რაც მათი თანასწორობისთვის ბრძოლაში,ერთი არც თუ ისე დიდი,მაგრამ წინ გადაგმული ნაბიჯი იყო.

ბოლო რამდენიმე თვეა მუსლიმების მიმართ გახშირდა ძალადობის ფაქტები,მათ ე.წ პატრიოტი,მართლმადიდებელი,ქართველები არ აძლევენ ლოცვის უფლებას,რაც პირდაპირ კონსტიტუციის უხეში დარღვევაა,რადგან მათ აღმსარებლობის თავისუფლება ჩვენივე კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული,დიდი ხანია კონსტიტუცია ქვეყნის მთავარი კანონი კი არ არის,არამედ ფურცლების ჩვეულებრივი გროვაა,რომელზე მაღლაც თურმე სახარება,პატრიარქი და ქართული სამოციქულო ეკლესია დგას.თეთრიწყაროში და კიდევ რამდენიმე ადგილას განვითარებული მოვლენები,სადაც მუსლიმი ჩვენი თანამოქალაქეები განიცდიან დისკრიმინაციას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არის ძალიან შემაშფოთებელი.დამნაშავეების სათანადოდ ან საერთოდ არ დასჯა,დაუსჯელობის სინდრომს ნერგავს და მოსხალეობას კიდევ უფრო დიდი აგრესიისკენ უბიძგებს.

ერი რომელის ფსიქიკაზე ათეული წლების განმავლობასი მარქსისტული დიქტატი მძვინვარებდა და არ აძლევდა რაციონალურად  განვითარების  უფლებას,თითქოსდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უნდა გაეთავისებინა ადამიანის უფლებები და თავისუფლების მნიშვნელობა,მაგრამ მარქსისტული დიკტატისგან განთავისუფლებული ერის გონებას,კაკებეშნიკების მიერ გამოწრთობილი და ნამხედრიონალი სასულიერო პირები დაეპატრონენ.იმის ნაცვლად,რომ კოლექტიური საზოგადეობიდან ინდივიდების საზოგადოებად ვქცეულიყავით,საპირისპირო შედეგი მივიღეთ და     გაუნათლებელ,ბნელ,შეუწყნარებელ,ფუნდამენტალისტ და აგრესიულ ბრბოდ გადავიქეცით,რმელთათვისაც მთავარი მოჩვენებითი მორწმუნეობა და ფსევდო პატრიოტიზმია.

არავის გადასაწყვეტი არ არის ვინ გახდება კათოლიკე და ვინ იუდეველი,ვინ ბაბტისტი და ვინ მართლმადიდებელი.სრულიად მიუღებელია ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანი იდევნებოდეს მისი იდენტურობისა და ეთნიკურობის გამო.

ეკლესიის გავლენა ბოლო ათწლეულების მანძილზე ძალიან გაიზარდა.პატრიარქის ეპისტოლეები საზოგადოებისთვის კანონზე უზენაესი გახდა,რაც შემაშფოთებელი ტენდენციაა სეკულარული სახელმწიფოსთვის.ჩვენ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე მაღლა გარკვეული ინსტიტუციები და პიროვნებები დგანან.ეკლესიის  საკუთარი მერკანტილური  მიზნების განსახორციელებლად ქართული  საზოგადოების დიდი ნაწილით მანიპულირება არ ერიდება,რაც პირდაპირ ანტიკონსტიტუციური ქმედებაა.ადამიანების გონებაზე საპატრიარქოს დიკტატის გამო,საზოგადოება ვეღარ ახერხებს რაციონალურ განვითარებას და ეკლესიის მიერ თავსმოხვეული დოგმებიდან თავის დაღწევას.

17 მაის ქვეყანა თეოკრატიზაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა,იმ დღეს სახელმწიფო ხელში აიღო სახე დაკარგულმა აქციის ორგანიზატორმა ასობით საულიერო პირმა(რომლებიც კრიმინალებს უფრო ჰგავდნენ ვიდრე ღვთის მსახურებს) და ათასობით ეგზალტირებულმა ქართულმა,რომლეთა თვალებშიც იგრძნობოდა სიძულვილი და მსხვერპლის განადგურების მანიაკალური სურვილი. შემზარა ამდენი გავეშებული ქართველის ნახვამ,რომლთათვისაც არანაირი კანონი და სამართალდამცავთა პატივისცემა არ არსებობდა.იმ დღეს თბილისის ქუჩებში სიძულვილის ზეიმი იყო.

გაოგნებული შევყურებდი მართლმადიდებელ სასულიერო პირებს თუ როგორ იმუქრებოდნენ და იგინებოდნენ, როგორ იქნევდნენ სკამს თუ მუშტებს და როგორ აშინებდნენ ჟურნალისტებს.შემზარა მათ გულებში გამეფებულმა სიძულვილმა. იმ ადამიანების გულებში, რომელთა მთავარი მოვალეობა უფილისმიერი სიყვარულის,ჰუმანიზმის და მიტევების ქადაგებაა,ქართველი ერისთვის,რომელთა გონებაში სიძულვილმა,ზიზღმა და სიბნელემ დიდი ხანია დაისადგურა.

სიბნელის ერთადერთი წამალი განათლებაა.17-მა მაისმა კარგად დაგვანახა, თუ რა საშინელი და ანტიჰუმანური განათლების სისტემა გვაქვს. ამავე დროს კარგად დავინახეთ ჩვენ საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის ხარისხიც. სანამ ადამიანებს არ მიეცემათ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება, მანამ შეუძლებელი იქნება ეთნიკური,რელიგიური და სექსუალური უმცირეოსბების წინააღმდეგ არსებული ზიზღამდე მისული ფობიები დავძლიოთ საზოგადოებაში. .ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე გავცდეთ საკუთარ შოვინისტურ, სექსისტურ ან ჰომოფობიურ აზროვნებას.

უსამართლობა მაღიზიანებს ყველგან სადაც ის მხვდება.ამაზრზენია,უყურო იმ ფაქტს უფლის სახელით,როგორ ცდილბენ ადამიანში პიროვნების განადგურებას.ჩემი ღმერთი არ არის კაცთმოძულე,ჩემი ღმერთი ყველაზე დიდი ჰუმანისტია.,ხოლო ქრისტიანობა არსად,არცერთ მის მოსახვევში,თუ გზაჯვარედინზე არ ქადაგევს ძალადობას.

P.S.ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლში წერია,რომ :"არავინ უნდა განიცადოს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის,ოჯახური ცხოვრების,საცხოვრებლისა და კორესპონდენციის,ასევე მისი პატივისა და ღირსების,თვითნებური ხელყოფა.ყველა ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისგან."

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში კი წერია,რომ:"ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.


No comments:

Post a Comment