Monday, October 29, 2012


ადამიანი ღირსებიდან იწყება




თამარი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ორმოცზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სახალხო დამცველის კანდიდატად დაასახელა.

"ადამიანის ღირსება და თავისუფლება, ადამიანთა თანასწორობა სახელმწიფოს ფუნდამენტს წარმოადგენს", - თამარ გურჩიანი.

თამარ გურჩიანი დაიბადა 1980 წლის 27 იანვარს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მაგისტრის ხარისხი მიიღო უილიამ და მერის კოლეჯის სამართლის სკოლაში (ვირჯინიის შტატი, აშშ).

წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ტრენერის, კონსულტანტისა და ექსპერტის რანგში ეუთოსთან, ევროსაბჭოსთან, მსოფლიო ბანკთან და "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსთან". 2004–2010 წლებში მუშაობდა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" (საია) პროგრამის დირექტორად და ხელმძღვანელობდა საქართველოში გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის პროექტს. 2002 წლიდან არის არჩევნების დამკვირვებელი.

 2011 წელს სტაჟირება გაიარა აშშ-ში, Sunlight Foundation-ში, რომელიც მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პროექტებზე მუშაობს. ამჟამად არის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარე.

გურჩიანი ამბობს, რომ წლიური ანგარიშების შედგენა წინა სახალხო დამცველსაც მშვენივრად ეხერხებოდა, თუმცა “სახელმწიფოს რეაგირება იყო ნული”. ის პირობას დებს, რომ სათქმელს უფრო ხმამაღლა, უფრო პროაქტიურად იტყვის, არ დასჯერდება მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნას “სადაც ომბუდსმენის მოხსენებებს თითქმის არავინ ისმენს” და გამოიყენებს სხვადასხვა პლატფორმას, რათა ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს და ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს.

გთავაზობთ ომბუდსმენობის კანდიდატ თამარ გურჩიანის სიტყვას, რომლითაც მან მიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მონაწილეებს.  24 ოქტომბერს გამართული დისკუსიის თემა იყო  „ადამიანის უფლებების პრიორიტეტი: სახალხო დამცველის როლი და მისია - საზოგადოებრივი მოლოდინები და შესაძლებლობები ცვლილებისათვის“.


  მე მინდა დავიწყო ციტატით, რომელიც დაახლოებით 15 წლის წინ საჯარო ბიბლიოთეკის გაყინულ სამკითხველო დარბაზში წავიკითხე:

“ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი. ღმერთმა მათ მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა. ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას ღებულობენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ. თუ განმგებლობის რაიმე ფორმა ოდესმე ამ მიზნის შემლახავი გახდება, ხალხს ენიჭება უფლება, შეცვალოს ან გააუქმოს იგი და შექმნას ახალი მთავრობა, დააფუძნოს იგი ისეთ პრინციპებზე და ისეთი ძალაუფლებით აღჭურვოს, როგორიც, მისი აზრით, ყველაზე ხელსაყრელი იქმნება მისი უსაფრთხოებისა და ბედნიერებისთვის.”

ეს არის ციტატა ამერიკის შეერთებული შტატების 1776 წლის 4 ივლისის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი იურისტი თუ ადამიანის უფლებათა დამცველი უმალ საფრანგეთის რევოლუციას და შემდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიპეტიებს გაიხსენებდა და ისაუბრებდა ყველაფერზე - გაეროს შექმნით დაწყებული, ევროსაბჭოს რეგიონული მექანიზმით დასრულებული. მაგრამ ჩემი მიზანი არ არის ადამიანის უფლებათა წარმოშობაზე კლასიკური ლექციის ჩატარება. მე მხოლოდ ჩემი გამოცდილების და დამოკიდებულების შესახებ გიყვებით.

15 წლის წინ გავიაზრე ის, რომ ადამიანების სიცოცხლე, თანასწორობა, თავისუფლება და მათი სწრაფვა ბედნიერებისაკენ არის თავად სახელმწიფოს საზრისი. სწორედ მაშინ შევადარე ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და შემძრა იმ ფაქტმა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი თითქმის იმეორებდა ამ სულისკვეთებას.

“საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.”

არც 1918 და არც 1921 წელს ჩვენს “დამფუძნებელ მამებს” ეჭვიც არ გასჩენიათ, რომ ადამიანის ღირსება და თავისუფლება, ადამიანთა თანასწორობა სახელმწიფოს ფუნდამენტს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, 1921 წლის კონსტიტუციამ მხოლოდ 4 დღე იცოცხლა და ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, დიდი დრო დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს, როგორც სახელმწიფო, საქართველო ძალიან ახალგაზრდაა. მე მხოლოდ 11 წლის ვიყავი, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

დამოუკიდებობის 21 წლის მანძილზე მე არასოდეს მინახავს ჩემს ქვეყანაში ადამიანი ღირებულებათა ცენტრში. არასდროს მომისმენია, რომ ადამიანს აქვს უფლება ისწრაფვოდეს ბედნიერებისკენ. არადა, სახელმწიფო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა თავისი პოტენციალი გამოავლინოს. თუმცა ჩვენი ქვეყნის წინაშე მუდამ იდგა თავისუფლებისა და უსაფრთხოების დილემა და, სამწუხაროდ, ეს დილემა ყოველთვის უსაფრთხოების სასარგებლოდ წყდებოდა.

არც ამერიკა გახლავთ იდეალური ქვეყანა, რამოდენიმე შტატში ისევ გამოიყენება სასჯელის არაადამიანური და უმკაცრესი ზომა - სიკვდილით დასჯა. ამ ქვეყანას საერთოდ ხელი არც აქვს მოწერილი კონვენციებზე ბავშვის უფლებათა და ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. თუმცა აშშ ნამდვილად არის ხელისუფლების გაწონასწორების საუკეთესო მაგალითი.

როგორც ბენჯამინ ფრანკლინი ამბობდა, ისინი, ვინც თავისუფლებას შესწირავენ უსაფრთხოებას, არც თავისუფლებას იმსახურებენ და არც უსაფრთხოებას. ბევრისთვის ეს გამონათქვამი გაუგებარია. ჩვენთვის ორივე მნიშვნელოვანია – თავისუფლებაც და უსაფრთხოებაც.

მაგრამ მხოლოდ ისეთ ხელისუფლებას შეუძლია ამ ორ ინტერესს შორის ბალანსის შენარჩუნება, რომელიც თავად ბოჭავს საკუთარ თავს სხვადასხვა მაკონტროლებელი სისტემებით. ჩვენ ამგვარი ბალანსი დღემდე არ გვქონია. სახალხო დამცველი სწორედ ასეთი მაკონტროლებელი ინსტიტუტია.

სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს კონსტიტუციამ 1995 წელს სწორედ იმიტომ გაითვალისწინა, რომ არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც არ სჭირდება კონტროლი. ხელისუფლების თვითნებობა თავიდან რომ იქნეს აცილებული, დამოუკიდებელმა და პოლიტიკურად ნეიტრალურმა სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვას უნდა უდარაჯოს და ზედემხედველობა გაუწიოს.

ჩვენ დღეს ვისმენთ უამრავ შეფასებას და მესმის, რომ დიდი მოლოდინი არსებობს ამ ინსტიტუტის მიმართ. ეს აიხსნება იმით, რომ ძალაუფლება აბსოლუტურად კონცენტრირებული იყო ერთ ხელში, არ არსებობდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. არანაირ ფუნქციას არ ახორციელებდნენ გამოძიების ორგანოები. ამიტომ გასაგებია ეს მოლოდინები.
ჩვენი ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციას არ გაუთვალისწინებია სახალხო დამცველის ისეთი ინსტიტუტი, რომელიც ყველა ფუნქციას თავის თავზე აიღებს. ინსტიტუტს, რომელმაც უნდა აკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას.

თვითონ ის პროცესი კი, რაც დღეს მიმდინარეობს, მათ შორის დღევანდელი დისკუსიაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ახლა ვდგავართ ისტორიული ამოცანის წინაშე – ავირჩევთ თუ არა რეალურად დამოუკიდებელ და პოლიტიკურად ნეიტრალურ სახალხო დამცველს, რომელიც არ იქნება არც ერთი პოლიტიკური გუნდის ნაწილი და რომლის ერთდადერთი ამოცანა იქნება იმ ვალდებულებების შესრულება, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და კანონმდებლობა.

მოლოდინების თემა რომ გავაგრძელო, ზოგადად, მსოფლიოში საუბრობენ ე.წ. ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელზეც, მაგალითად, მილან კუნდერა წერდა – "ყველა სურვილის უფლებად ქცევის ტენდენცია და დღევანდელი ბრძოლა უფლებებისთვის საბოლოოდ შინაარსისგან ცლის თავად უფლებებს".
მეც ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო, სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსაც გადავწვდი, რომელთა დაცვა იმდენად არარეალისტურად ეჩვენებათ, რომ ამ თემაზე საუბარიც კი მის გაუფასურებას შეიძლება მოასწავებდეს.

ეს ნიჰილიზმი ჩემთვის გასაგებია, მაგრამ თუ ჩვენ არ ავირჩიეთ სახალხო დამცველი, რომლისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება ყველა ადამიანის ყველა უფლება, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, სისტემა არასდროს დაინგრევა, რადგან სისტემა სწორედ იმაზე იყო დაფუძნებული, რომ ეს კონსტიტუციური ვალდებულება არ იყო შესრულებული.

ამავე დროს ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი, არ იქნება სასიამოვნო, რადგან ეს არ იქნება ოპტიმისტური განცხადება. სისტემა აუცილებლად შენარჩუნდება, თუ ჩვენ მხოლოდ სახალხო დამცველზე გავაკეთეთ აქცენტი და თუნდაც მხოლოდ სახალხო დამცველზე გავმართეთ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია.
ჩვენ გვყავდა სასამართლო, რომლის განაჩენთა 97% გამამტყუნებელი იყო გასულ წელს; 87% საქმეებისა საპროცესო შეთანხმებით დაასრულდა, ხოლო აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა საქმეების 50%-ის შემთხვევაში.

ჩვენ გვყავს 25'000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს კონტექსტი თუ არ შეიცვალა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნით და პროკურატურის პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებით, სახალხო დამცველი ნამდვილად ვერ შეცვლის ვერაფერს.“
                                                                                             
ასევე, როცა ვამბობ, რომ არც ერთი ადამიანი არ არის მეორეხარისხოვანი, მე ვგულისხმობ ზუსტად იმას, რასაც ვამბობ. ჩვენ დღეს ნამდვილად გვყავს მეორეხარისხოვანი ადამიანები რომლებსაც შეიძლება 25'000-მდე პატიმარს არ მივაკუთვნებთ, მაგრამ გვყავს 300'000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთა ცხოვრების პირობები ზოგ შემთხვევაში პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს.

ჩვენ გვყავს 152'000 ოჯახი სიღატაკის ზღვარს მიღმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ საკვები და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.
უხერხულად და ცუდად ვგრძნობ თავს, როცა კონკრეტულ ადამიანებზე ვსაუბრობ ციფრებით, მაგრამ ეს არის რეალობა.

ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც ყველა ადამიანის ინტერესს თანაბრად დაიცავს, უფრო სწორად, ზედმახედველობას გაუწევს იმას, რომ სახელმწიფომ ყველა ადამიანის ინტერესი თანაბრად დაიცვას.
ვიცი, რომ ძალიან კონტრავერსულია, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს პრიორიტეტი და პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ პრიორიტეტი არ არსებობს. მაგრამ თუ ეს მიდგომა არ შეიცვალა, ჩვენს ქვეყანაში არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.

რაც შეეხება უშუალოდ იმას, თუ რა უნდა გააკეთოს თავად სახალხო დამცველმა, ამაზე უკვე ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმა. დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარანატია, რაც მას სჭირდება, ეს არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

მნიშვნელოვანია საკუთრივ არჩევის პროცესიც. სახალხო დამცველობის კანდიდატებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მათი ქცევა აქციონ მაქსიმად სხვებისთვის. თუ ჩვენ დავარღვიეთ ეთიკური თუ საკანონმდებლო ნორმები ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვიქნებით კარგი სახალხო დამცველები. 

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გახდება სახალხო დამცველი, მაგრამ მას ხმა უნდა მისცეს ძალიან მრავალფეროვანმა პოლიტიკურმა ძალებმა, სწორედ იმ 150 პარლამენტის წევრმა, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ. და მე ვეთანხმები ქალბატონ ლიას, რომ ჩვენი საზოგადოება იმსახურებს უფრო მეტს. რადგან მან არა მხოლოდ აირჩია ახალი ხელისუფლება, არამედ გააფთრებული იბრძოდა საკუთარი ხმების დასაცავად. და ეს ასევე იყო უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

სახალხო დამცველი ყველა უფლების მიმართ მგრძნობიარე უნდა იყოს. მან ისეთივე ყურადღება უნდა მიაქციოს პატიმრების უფლებებს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებს.
უკვე ვახსენე ციფრები და ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური მონაცემებიც კი შეუძლებელია რომ მოვიპოვოთ, იმდენად იგნორირებულია ეს ხალხი.

როცა ვამბობთ, რომ მეორეხარისხოვანი ადამიანი არ უნდა არსებობდეს, ჯერ უნდა ვაღიაროთ ის, რომ ჩვენ ისინი გვყავს, უბრალოდ ჩვენ მათ ვერც კი ვამჩნევთ. ამიტომაც სახალხო დამცველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ყველა ადამიანის ღირსება, თანასწორობა და თავისუფლება დაიცვას და აიძულოს სახელმწიფო, რომ ყველა ამ ღირებულებას თანაბრად სცეს პატივი.

სახალხო დამცველი ჩართული უნდა იყოს ყველა პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გითხარით, ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს ამ ინსტიტუტის მიმართ, მან არ უნდა გადააჭარბოს თავის ძალაუფლებას, ის ვერ გახდება გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გახდეს უფრო მეტად პროაქტიული.

საქართველოში ადამიანები, მათ შორის ბავშვები, სიღატაკეში ცხოვრობენ, ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც ბიუჯეტირების პროცესშიც იქნება ჩართული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. სახალხო დამცველმა უნდა ითანამშრომლოს პარლამენტთანაც, რადგან ბევრი კანონი აუცილებლად არის შესაცვლელი.

რაც ყველაზე მთავარია, ამ გარდამავალ ეტაპზე სახალხო დამცველმა არ უნდა დაუშვას ის, რომ იგივე შეცდომები განმეორდეს. მაგალითად, ბატონ გოგის კითხვას რომ დავუბრუნდეთ, თუკი პოლიტიკური პატიმარი დაკავებულია ზარის საფუძველზე, ის არ უნდა გათავისუფლდეს ისევ ზარის საფუძველზე. რასაკვირველია, არც ერთმა ადამიანმა არ უნდა გაატაროს წუთიც კი უკანონო პატიმრობაში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, მაგალითად, ახლად აღმოჩენილი გარემოებების მექანიზმის საფუძველზე, სამართლებრივი პროცედურის დაცვით. სახალხო დამცველმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ მექნიზმის შემუშავებაში."

თამარ გურჩიანი - კვალიფიციური, სანდო, პრინციპული - ერთადერთი სერიოზული კანდიდატურა!…

თამარ გურჩიანი სახალხო დამცველად !!!






Wednesday, October 17, 2012

სიყვარულის სიმფონია



ცამ ჩაიცვა თეთრი კაბა,
ფერი-მტრედის ანაფრენის
ცა ღრუბლებით დაიქარგა,
საკმეველით ანაფერი.
მიიწურა შობის ღამე
და დაადნა ცვარი ფოთოლს,
ისე აწვიმს ტაძრის თაღებს,
უეჭველად სადღაც მოთოვს
მივუყვები მსუბუქ ნისლებს,
სადაც ბზა და სიონია
და იღვრება მზის სარკმლიდან
სიყვარულის სიმფონია.
აწვიმს ახლა,როგორ აწვიმს,სვეტიცხოვლის ხარაჩოებს
და შორენა უტას აწვდის თავთუხებს და ყაყაჩოებს
და კამკამა მწვანე ტბაში ირეკლება დალის ტანი,
ვით მირაჟი უდაბნოში-ტკივილამდე ასატანი.
სიყვარული წამებს ითვლის,მზე არა სჩანს სხივთა მფენი,
ოთხი ცხენით ტყეში მიჰქრის თმებგაშლილი ბეთჰოვენი
უძლურია ტრფობის ალთან მერი,თვალებსხივოსანი,
მარგარიტას ნატერფალთან იკეცება ფიროსმანი.
ვაიმარში მოცელილა საოცარი მადამ ლოტე
და გოეთე იცრემლება ცხელი ჟინით პალერმოდან
ესიზმრება შატობრიანს მთები,სავსე მანანებით
და ბილიკი,მოჩითული პროვანსული მაქმანებით.
სიყვარულის ლურჯი თქეში-სტენდალი და კლემენტინა
და ნავარის სასახლეში ფერმიხდილი ჟოზეფინა
და კამილა ევედრება ერთგულებას გულქვა როდენს,
მძიმე სენის მწუხარება ტაიტამდე დევნის გოგენს
და უმღერის მომ პაიფიდა პარისა და მასელ სერდანს,
და ენგურის მღვრიე ტალღა ათამაშებს თარაშ ემხვარს,
და უფლისგან დალოცვილნი,თავსდებიან პეპლის ფრთაზე,
და გოია,როგორც ცვილი იღვენთება პალიტრაზე.
,ამური ტანჯავს სულებს და გონს ურევს გალაკტიონს,
და ილიას აიძულებს ღამე თეთრად გაათიოს.
და წერეთელს სატრფოს დარდი სევდით ჩააქვს სამარეში
და ეკლებში ტირის ვარდი,ვით აკაკი სავანეში.
სარეცლები დაუქარგავთ იაგუნდებს,ძოწს და ლალაებს
და უფენენ კლეოპატრას ზურმუხტებს და ლილიფარებს
და მიარღვევს ცისფერ ტალღებს მზეჭაბუკი ორიონი,
ლამაზმანთა გულებს ამსხვრევს ლორდი გორდონ ბაირონი!..
მოსდებიათ ცეცხლის ალი ქალწულებს და მეფე -მგოსნებს,
ამღვრევიათ ორთავ თვალი მდაბიოთ და გვირგვინოსნებს,
არნოს ტყეში ქარაშოტებს უწყვილდება პერსი შელი
ემონება ვერტერ ლოტეს,როგორც ვინმე ფეხის მტვერი
და შრტაუსი უძღვნის სატრფოს ვალსებს,როგორც ნიაღვარებს,
და მედეა ვერარ უძლებს სიყვარულის ნიაღვარებს
იბსენს ფარდის სინაზეში ელენდება ემილია,
დგანან რამპის სინათლეში ჰამლეტი და ოფელია
ბონაპარტეს სიყვარული ჰგავს ქარიშხალს,გრიგალს,ელვას!-
და ღრუბელთა ფარდაგებზე ისევ როკავს თეთრი ქალი,
ვით ოდეტა,-ფარვანების და გედების დედოფალი!..
ვიღაც პოეტს წვავენ ჩუმად და ტკაცუნი ისმის შეშის
ცის რიჟრაჟი შვენის შუმანს,აქცევს ბგერად,მერე შეშლის
და ვაგნერის აკორდები მატილდამდე მიაქვს მთოვარს.
და ჩიტივით უცემს გული გზააბნეულ მადამ ბოვარს,
ესმერალდა ეთხოვება ამა სოფლის მაწამებელს,
გონმიხდილი კარენინა უვარდება მატარებელს,-
და ხარხარებს ბედისწერა, ვით ჯამბაზი სეკუნდანტი,
ტახტს და ტრფობასს ეწირება ეშაფოტზე სტიუარტი!
ვნაბააშლილ თამამ დამებს კრთომით უმზერს ანგელოზი
და მიჯნურთა დიად დრამებს წერენ: დანტე ,ჰომეროსი
და მგზნებარე,მწვავე ვნება აბარბაცებს ლუკრეციას,
,,სიყვარულის ხელოვნება“-ასამარებს ოვიდიუს!..
და სამყაროს აზანზარებს,როს კარმენი ნისლში ცეკვავს,
და ნოტრდამის ტაძრის ზარებს კვაზიმოდო დრესაც რეკავს!
და უგალობს ცას და მიწას სიყვარულის მწველი ქორო,
უნგრევს პოეტს გულისფიცარს სიყვარულის ვატერლოო!..
და გიზგიზებს დედამიწა,და მიჯნური მიჯნურს ირჩევს,
და თველები უგავთ რიწას ჯულიეტას და ბეატრიჩას
და ციმციმებს ათასფერად თასი,ცრემლით ანავსები,
ნახანჯლარნი ყრიან ველად პრინცები და პრინცესები!..
ცხელი სისხლით დანამულან დაშნები და მახვილები
და ბაფთებში განაბულან საჩუმათო სამხილები
საფლევები დაუფარავთ ზამბახებს და ია-იებს,
სიყვარული ათანაბრებთ სეფექალთ და გრაფინიებს!..
ვიღაც მუდამ დადის ცალად,სევდას არვინ დაუამებს
სიყვარული უღირთ ჩალად,-ალფონსებს და დონ-ჟუანებს..
და საეჭვო ვნების კვალი ლეწავს ვან გოგს,ტულუზ-ლოტრეკს,
და პილატეს ცრემლით მთვრალი მიაცილებს მთვარე ბოდლერს!..
თამუნია-ტციანს და
ალუბლები-ასათიანს!..
წითელ მიხაკს უძღვნის ანნა-
მონმარტრსა და მოდილიანს.
გვირგვინები -ჰიუგოს და
საწამლავი-ეულ გრანელს?!
ტატოს-შავი ბედაური,
ნეტავ საით მიაქანებს?!
,ამური ისრვრის ისრებს და მზაკვრობას აღარ იშლის
და უგზავნის შავბნელ მისნებს მაჩაბელს და გურამისვილს
წუთისოფლის მღელვარებას უცქერს ვაჟა,როგორც ზევსი
და დასტირის შოტლანდიას ლექსტა მეფე,რობერტ ბერნსი!..
ვერ ელევა თამარს შოთა ,სევდით ტოვებს სოფელს ამოს,
უცნაურად ესმით ტრფობა მურმანსა და აბესალომს
და გიორგი კესოს ნდომით,თავს ევლება ვარდს და იელს
მომაკვდავი მარგარიტა თმებში იწნავს კამელიებს
სადღაც,თითქოს კვნესის ვიღაც,ვიღაც ტირის,როგორც ბავშვი,
და რომეოს უთენდება მწუხრის დილა ვერონასი.
ვიღაც მუდამ კარგავს იმედს,ოქროს კოშკებს აღად აგებს
და ვენერა მიაცილებს ეტლებსა და კატაფალკებს
ხავერდებში განაბულა სიყვარულის დიდი მტერი,-
ორთაჭალის ტყისკენ გარბის ირემივით-ახმეტელი!..
და ოტელო,როგორც შლეგი,მოკლულ სატრფოს უძღვნის ამბორს,
და ონისე გამალებით მიუყვება ახლად ნათოვს
ბორეასი გაშმაგებით მზეთუნახავს უნგრევს კარებს,
დაუპყრიათ ვარსკვლავეთი-ჰიადებს და პლეიადებს.
ზეფიროსი,როგორც ქურდი,ხეთა ჩრდილებს ეფარება.
ჩუმად უცქერს ჰიაკინთოს,გული ეჭვით ესერება.
და ეძლევა მწუხარებას ზღვს სივრცეში ოდისევსი.
და ქარებს სთხოვს დახმარებას,ტროას გმირი აქილევსი;
და ცოდვლი,ნაზი ხელი თმებს უწეწავს ოიდიპოსს,
რომ ვნებათა გახელებით,თვით სამყარო გნაცვიფროს!..
ათას ერთი ტკბობის ღამე
ვარდები და ვიოლინო
შადრევნიდან მოკამკამე
ათას ერთი თასი ღვინო
შაჰრაზადის ზღაპრები და
ჯადოსნური დერვიშები
სურათები ზმანებიდან,-
მოცეკვავე გეისები
სარეცელი ძოწეულის,ქალი-ნაზი,სადაფივით
სავსე,როგორ ბროწეული,და მოცარტის აკორდივით!..
ღმერთო!როგორ ბრწყინავს მთვარე და კონკიას ბროლის ქოში
და ნიძაო მინარნარებს,-გამოკრული კიმონოში
ოქროს ტახტი რუსთაველს და
ოქროს კვერთხი-კონსტანტინეს!
ტრფობის კოშკი აურიათ
ნესტანებს და თინათინებს!..
 პალმის ტოტი ფირდიუსს და
ცხრა ლახვარი ასათიანს?!
და უფენენ დაფნის რტოებს,-
,,შაჰ-ნამე და ,,ვისრამიანს“!…
და ფრთხიალებს ოქროს თევზი ,და შველას სთხოვს მებადურებს,
სიყვარულის ქალღმერთებს და სიყვარულის ტრუბადურებს!..
ლექსებს ქსოვენ პოეტები,უზადოს და უნაპიროს
მოუყვება გალა ჩუმად მტკვრის მარცხენა სანაპიროს
და იფრქვევა ფერთა გამმა,მაღლა,მაღლა,ლურჯი ცისკენ!..
და მიფრინავს უცხო დამა ქარაფიდან ღრუბლებისკენ!..
და უგალობს ცას და მიწას სიყვარულის მწველი ქორო!..
სიყვარულის დიდგორი და სიყვარულის ვატერლოო!..
და სამყაროს აზანზარებს,როს კარმენი ცეცხლში ცეკვავს,
და ღვთისშობლის ტაძრის ზარებს კვაზიმოდო რეკავს!..რეკავს!..
ღმერთო,ნუთუ ამ სტრიქონებს თბლისური წვიმა წაშლის?
ვერ მივართმევ ლექსთა კონებს-ლაღიძეს და ფალიაშვილს?!
ნუთუ თავად დავესწრები ალავერდში პანაშვიდებს?!
ნუთუ დედა ღვთისმშობელი არასდროს არ დამამშვიდებს?!
მაშინ,რატომ გუყგუნებენ ცარგვალიდან ორკესტრები?!
,შენდობას,როგორც თოვას,უეჭველად მოვესწრები!!..
უეჭველად,უეჭველად შემიწყალებს მარიამი,
იტყვის ალბათ,-საბრალოა,რადგან მაინც ქალი არის!..
და დამლოცავს მწუხარეს და სახიფათოდ დამცირებულს,
და განმკურნავს სატრფიალო შეცდომებით დამძიმებულს
და როს მზერას მოვთოკავ და ფრთებს შევკვეცავ ფანტაზიებს,
ჩემი ლექსის სითამამაეს,ალბათ,ღმერთიც მაპატიებს!..
ცამ ჩაიცვა თეთრი კაბა,
ფერი-მტრედის ანაფრენის
ცა ღრუბლებით დაიქარგა,
საკმეველით ანაფერი.
მიიწურა დიდი ღამე
და დაადნა ცვარი ფოთოლს
ისე აწვიმს ტაძრის თაღებს,
უეჭველად მოთოვს,მოთოვს
მივუყვები მსუბუქ ნისლებს,
სადაც ბზა და სიონია
და იღვრება მზის სარკმლიდან-
სიყვარულის სიმფონია!..
თინათინ მღვდლიაშვილი