Tuesday, March 26, 2013

რუსთაველის თეატრი

რობერტ სტურუა

(მაესტროს კრიზისი)



ცოტა რამ ისტორიიდან

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური  თეატრი დაარსდა 1887 წელს,როგორც „საარტისტო საზოგადოება“,1921 წელს კი მას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.თავდაპირველად თეატრს განაგებდა დრამატული საზოგადოება ი.ჭავჭავაძისა და აკ.წერეთლის თავმჯდომარეობით.

შენობა,რომელშიც ამჟამად რუსთაველის თეატრია განლაგებული,1898-1901 წლებში აშენდა  საარტისტო საზოგადოებისთვის და მისი პროექტის ავტორები იყვნენ თბილისში მოღვაწე  არქიტეკტორები: კორნელი ტიტიშჩევი და ალექსანდრ შიმკევიჩი.

1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა შენობა თითქმის ბოლომდე გაანადგურა,მხოლოდ გადარჩა რუსტაველის პროსპექტზე გამომავალი მთავარი ფასადი.ფოტოების მესვეობით შენობა თითქმის ერთ წელიწადში აღადგინეს.1982-1987 წლებში შენობას კომპლექსური რესტავრაცია ჩაუტარდა არქიტეკტორ ოთარ ნახუცრიშვილის ხელმძღვანელობით.

ამჟამად რუსთაველის თეატრს აქვს სამი უახლესი ტექნიკით აღჭურვილი დარბაზი:დიდი (786 ადგილი), მცირე (300 ადგილი) და ექსპერიმენტული (182 ადგილი).

რუსთაველის უნიკალური შენობის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის იმჟამად მეცენატს და ახლა უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ  ბიძინა ივანიშვილის,რომლის სრული დაფინანსებით 2002-2005 წწ,ჩატარებულმა სამუშაოებმა საბოლოოდ დაასრულა თეატრის აღდგენა და რეკონსტრუქცია.

დაფუძნებიდან მოკლე ხანში 1882 წელს დაიდგა დავით ერისთავის „სამშობლო“,ეს სპეკტაკლი ნამდვილ მოვლენად იქცა,რადგან სპექტაკლის შინაარსი პატრიოტულ მოტივებზე იყო დაფუძნებული და იმ დროს რუსეთის იმპერიაში შემავალი კოლონიისთვის ეს ძალიან ხმამაღალ განაცხადად ჟღერდა,რაც არ გამოპარვიათ მეტროპოლიაში,სადაც არსებულზე დიდი აღშფოთება გამოხატეს.

რუსთაველის თეატრის წარსულის ერთ-ერთი გამორჩეული დირეკტორი და რეჟისორი იყო რეფორმატორი კოტე მარჯანიშვილი.1922 წელს  მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევულუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო", რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად.ის 1926 წლამდე მოღვაწეობდა ამავე თეატრში და ამ მცირე ხნის განმავლობაში შეძლო დაედა შესანიშნავი სპეკტაკლების მთელი სერია: ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოშო" (1922), გ. ერისთავის "გაყრა" (1923), ჟ.მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო" (1924; მ. ქორელთან ერთად), უ. შექსპირის "ჰამლეტი" (1925) და სხვა.

სანდრო ახმეტელი თეატრის შემოქმედებითი დირექტორი 1926-35 წლებში იყო და ადრეული კონცეპტუალური რეჟისურის პირველი წარმომადგენელი იყო რუსთაველის თეატრში. ახმეტელის იდეა ეფუძნებოდა მის მსოფმხედველობას განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიკური რასისა და ერის არსებობის შესახებ, რომელიც აყალიბებს ადამიანისა და კულტურის ფორმას. 1936 წელს ის ნაციონალისტად და საბჭოთა ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. მასთან ერთად გაუსწორდნენ თეატრის რამდენიმე თანამშრომელსა და მსახიობს. საბჭოთა იდეოლოგიამ ჩაახშო კონცეპტუალური მეთოდოლოგიის განვითარება, რომელიც მათი აზრით ინდივიდუალისტური იყო და საშიშროებას წარმოადგენდა კლასების თეორიის მთავარი პრინციპისთვის.

შემდეგ, ქვეყანაში ე. წ. "დათბობის" პერიოდში, თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში ორი განსხვავებული მიმართულება განვითარდა. ერთი იყო დიმიტრი ალექსიძის[3] (შემოქმედებითი დირექტორი 1957-64 წწ.) რომანტიკული მიმართულება. მისი ხელმძღვანელობით დადგმულ წარმოდგენებში ერთმანეთს მონაცვლეობდა ლირიკა, იუმორი და ნოსტალგია. "პიროვნების კულტის" პერიოდის მასების ბრწყინვალე და დიდი ჰეროიკული რომანტიზმი შეცვალა პიროვნების ლირიულმა მწუხარებამ. ამ დროის მეორე მიმართულება დაკავშირებული იყო მსახიობთა და რეჟისორთა მთელ თაობასთან, რომელსაც სამყაროს ახალი ხედვა აერთიანებდა. მათ შორის იყვნენ რეჟისორები მიხეილ თუმანიშვილი და აკაკი დვალიშვილი, მსახიობები მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, გიორგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, ბადრი კობახიძე, ეროსი მანჯგალაძე და სხვები.

ადრეულ 60-იან წლებში რუსთაველის თეატრში მოვიდა ადამიანი, რომელიც მისი სამუდამო და განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს იყო რობერტ სტურუა-რომელზეც ქვევით მინდა ვრცლად ვისაუბრო ...

რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ისეთი დიდი კორიფეები,როგორებიც იყვნენ:კ.მარჯანიშვილი 1922-1926 წწ, ს.ახმეტელი 1926-1935 წწ, მ.თუმანიშვილი 1968-1969 წწ,რობერტ სტურუა 1979 წ-დან დღემდე ...

რუსთაველის სცენაზე მოღვაწეობდნენ ლეგენდარული მსახიობები: უ.ჩხეიძე; ვ.ანჯაფარიზე; ა.ხორავა; ა.ვასაძე; გ.გეგეჭკორი; კ.მახარაძე; კ.კავსაზე; ს.ყანჩელი; გ.სარარაძე; რ.ჩხიკვაძე და სხვ.

რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია.

1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის „სეილემის პროცესი“, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა. თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც თ. ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს „ხანუმა“, რომელშიც მხიარული, კომიკური, მაგრამ რეალისტური პერსონაჟები ბუნებრივად ებმებიან პირობით თამაშში.

1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება „რობერტ სტურუას თეატრი“. პ. კაკაბაძის „ყვარყვარეში“ რეჟისორი სვამს სცენას ბ. ბრეხტის პიესიდან „არტურ უის კარიერა“. აქედან იწყება სტურუას შემოქმედებაში ბრეხტის პერიოდი, რაც რეალობის თეატრალურ მოდელირებას გულისხმობს. ამ დროს რეჟისორი მჭიდროდ თანამშრომლობდა რ. ჩხიკვაძესთან, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა სტურუას მსოფლიო მნიშვნელობის სპექტაკლებში: უ. შექსპირის „რიჩარდ III“ (1979) და ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (1975).

კონცეპტუალური იდელოგიის განვითარების ახალი ნაბიჯი რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სახელთან არის დაკავშირებული. 70-იან წლებში მის უმნიშვნელოვანეს ნამუშევართა შორის არის "ყვარყვარე", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III" და სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც რუსთაველი მსოფლიო მნიშვნელობის თეატრი გახადა.

1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება: თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობის ქალისთვის“ (1980), მ. შარპოვის „ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980), რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ (1981), რ. იბრაგიმბეკოვის „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (1983) და ა.შ.

1987 წელს სტურუამ დადგა „მეფე ლირი“. მასში გამოიკვეთა რეჟისორის მიდრეკილება ფილოსოფიური რეჟისურისადმი, რომელშიც სამყაროს თეატრალური ხედვა ტრაგიკულ ფინალს ერწყმის. კალდერონის პიესით, „ცხოვრება სიზმარია“, სტურუას შემოქმედებაში უკვე მეტაფიზიკური რეალობა შემოდის.

 1994 წელს სტურუამ ი. გოგებაშვილის დედაენის მიხედვით დადგა სპექტაკლს „იაკობის სახარება“. 1996 წელს იქმნება „ლამარა“, გ. რობაქიძის ლირიკულ-მითოლოგიური დრამის მიხედვით. 1997 წელს ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ განსაკუთრებით პოპულარული ხდება ახალგაზრდა თაობაში. 1998 წელს რეჟისორ დ. საყვარელიძესთან ერთად სტურუამ დადგა კ. გოცის პიესა „ქალი-გველი“. ამავე წელს მოსკოვში თეატრ „სატირიკონში“ იდგმება სტურუას „ჰამლეტი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კ. რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში „Et cetera“ იდგმება „შეილოკი“ (უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ მიხედვით).

სტურუას ჰყავს ორი მუდმივი თანაავტორი: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.

მაესტროს კრიზისი

შემოქმედებითი კრიზისი დიდი ხანია უდგას რუსთაველის თეატრს და მის დიდ მაესტროს რობერტ სტურუას.კრიზისის პროცესი დაიწყო თავად სტურუას სპექტაკლებით.სწორედ ამ მიზნით სტურუა  დასის ახალგაზრდა თაობის მსახიობების შევსებით შეეცადა ამ კრიზისიდან თავის დაღწევას. სტურუამ სავსებით ლოგიკურად მიზნად დაისახა რუსთაველის თეატრის გაახალგაზრდავება, ახალი ესთეტიკის და მსოფლმხედველობის დამკვიდრება ახალგაზრდა თაობასთან ერთად, თუმცა ზაზა პაპუაშვილის, ლევან ბერიკაშვილის, ნინო კასრაძის, მარინა კახიანის, ნანუკა ხუსკივაძის და კიდევ რამდენიმე გამორჩეულ მსახიობთა თაობა ახალგაზრდებმა ღირსეულად ვერ ჩაანაცვლეს.(თუ არ ჩავთვლით ია სუხიტაშვილს, მსახიობს, რომელმაც ახალგაზრდა თაობიდან ყველაზე მეტად გაამართლა).

სამწუხაროდ, ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელებული წარმატებული პროექტები არ მახსენდება, რომელიც გარკვეულ მოვლენად, ტენდენციის, თუნდაც პროცესის გამოვლინებად იქნებოდა  აღქმული მაყურებლის, ან სათეატრო კრიტიკის მიერ.

რობერტ სტურუა შეეცადა მხარი აება თანამედროვე სათეატრო ტენდეციებისათვის, რითაც პრეცედენტი დაუშვა პლაკატურობის და ილუსტრაციულობის ნიშნების დამკვიდრების რუსთაველის თეატრის სცენაზე (ლაშა ბუღაძის `ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი...; თამაზ ჭილაძის `ჭალას ჩიტი მომკვდარიყო~), მაგრამ ორივე მცდელობამ ექსპერიმენტებისა, ჩემი აზრით, ბოლომდე ვერ გაამართლა, ნაკლოვანებების მიუხედავად, სპექტაკლები მაინც მხატვრული ხარისხისაა და აკადემიურია, ისეთი, როგორიც ტრადიციულ რუსთაველის თეატრს შეეფერება. გარდა ამისა, `სტურუას თეატრს~ არ მოუხდა თანამედროვე თეატრის მდარე ხარისხის ილუსტრატიულობა და პლაკატურობა, უფრო მეტიც, რეჟისორს თაყვანისმცემლებმა არ აპატეს ასეთი ტენდენციის გაღვივება მის შემოქმედებაში. მათ უყვართ, მოსწონთ და შეეჩვივნენ ალეგორიულ სტურუას და ვერც გავამტყუნებთ.

P.S .

რუსთაველის   თეატრი ამ ბოლო დროს კიდევ უფრო ებღაუჭება რობერტ სტურუას ოქროს ხანას და მასვე უჭირს ამ კავკასიური ცარცის წრის გარღვევა  და  ამიტომაც მისი ბოლოდროინდელი თითოეული მცდელობა ეს ჩაკეტილი სივრცე ტრიუმფით გაარღვიოს ჩემდა სამწუხაროთ წარუმატებლად სრულდება.

შეუშვით ქვეყნის ნომერ პირველი თეატრში ნიჭიერი ახლაგაზრდები,ნუ გადააყოლებთ ამ ლეგენდარულ და შესანიშნავ თეატრს წარსულის დიდებას და თუნდაც დიდ მაესტროს,რომლის შემოქმედებითი კრიზისი თითქმის ორ ათეულ წელზე მეტია გრძელდება !!! არ დაგვავიწყდეს,რომ თეატრსაც ისევე,როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს-დგება ეტაპები,როდესაც თვითგანახლება სასიცოცხლოდ,აუცილებლად სჭირდება !!!