Friday, July 12, 2013

რატომ სძულთ საქართველოში
მდიდრები ?!



ამ ბლოგპოსტის დაწერა ამ დღეებში დეველოპერული კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ხელმძღვანელობის მიმართ განვითარებულმა   მოვლენებმა მაიძულა.

(11.07.2013წწ. საქართველოს პროკურატურამ  დეველოპერული კომპანიის "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს,ამავე კომპანიის მიერ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე,დიდი ოდენობის თანხის დასაკუთრების გამო ბრალი წარუდგინა.რუსუდან კერვალიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).მაია რჩეულიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით);180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).

სიტუაცია ნამდვილად დელიკატურია.ასობით მოქალაქე ბინის გარეშე არის დარჩენილი და მესმის მათი გულისწყრომის,მაგრამ არსებობს ობიექტური გარემოებებიც,მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომი,რომელმაც ფაქტობრივად ქართული ეკონომია ჩამოშალა.თითქმის,უკლებლივ ყველა ეკონომიკურმა სფერომ სტაგნაცია განიცადა და რა გასაკვირია დეველოპერული კომპანია,რომელსაც სამშენებლო სფეროს ოცდათხუთმეტი პროცენტი ეკავა კრიზისში აღმოჩნდა,რომელიც მანამ პირნათლად ასრულებდა თავის ყველა მოვალეობას და მოსახლეობაც ძალიან კმაყოფილი იყო მათ მიერ აშენმებული ბინებით და საჯარო მადლობებს არ იშურებდნენ "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ხელმძღვანელობისადმი.კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა იყო  ყოფილი,ნაციონალური ხელისუფლება,რომლის მმართველობის დროს ბიზნესი სერიოზულ წნეხს და "რეკეტს" განიცდიდა.

შეიძლება რჩეულიშვილ-კერველიძეები ანგელოზები არ არიან,მე არ ვაპირებ ამ ბლოგპოსტში,ამ საქმის შესახებ იურიდიულ დეტალებს ჩავუღრმავდე და ვრცლად განვიხილო,ამას სასამათლო დაადგენს,ეს მისი პრეროგატივაა.დარწმუნებული ვარ განაჩენი იქნება სამართლიანი და ადეკვატური.მჯერა დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობის.ყოველშემთხვეაში დარწმუნებული ვარ,რომ დღევადელ სასამართლოს ოცნების ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

მე ამ საქმის იურიდიული ნიუანსები და თუ ის ვინ დაისჯება ნაკლებად მაინტერესებს.უკვე მერამდენე დღეა კერვალიშვილ-რჩეულიშვილების ამბავი მთავარ ნიუსად იქცა.ხალხი ამ თემის გარშემო არსებულ სტატიებს სოციალურ სივრცეში ისეთი ინტენსივობით,სიხარულით და ღვარძლიანი კომენტარებით აშეარებენ,რომ გაოცებული ვარ ამ ყველაფრით.ისმის რიტორიკული კითხვა: ქართველ "ერს" რატომ სძულს და ეზიზღება მდიდარი ადამიანები?!ამას ალბათ უამრავი მიზეზი აქვს,მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი წარსულია,ჩვენი ერთმანეთის გაუტანლობა და ჩვენივე ყალბი ერთმანეთისადმი სიყვარულია.როგორც დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ ბრძანა საკუთარი ერთ-ერთი რომანის მეშვეობით,აქ ყველა ნაბიჭვარს პირველობა სწყურია,მაგრამ იმის ადეკვატური აღქმა არავის უნდა,მართლა იმსახურებენ თუ არა დიდებასა და პირველობა.

ყოველ დღე უფრო და უფრო განცვიფრებული ვარ საკუთარი "ბედნიერი ერის" აღმოჩენით.ჩვენ,ჩემდა სამწუხაროდ 1991 წლის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე,ჩამოვყალიბდით გაურკკვეველი იდეოლოგიის საზოგადოებად,რომელებმაც დედამიწაზე არსებული ყველა ფობია შევისისხლხორცეთ და ძალიან ორგანული გავიხადეთ.ჩვენ ვართ "საზოგადოება" რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს ყველა ჩვენგან განსხვავებული პირვნებისადმი.გვძულს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები,ვერ ვიტანთ სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს,გვეზიზღება სექსუალური უმცირესობები და მდიდრებზე გაურკვეველი მიზეზებით დაბოღმილებს,სიამოვნებას გვანიჭებს მათი პირადი თუ სამსახურეობრივი ტრაგედიები.

ახლა ვფიქრობ,რომ მდიდრების მიმართ ქართველების ძალიან დიდი სიძულვილის მიზეზი თითოეული ინდივიდის პრობლემაა.სიძულვილი საკუთარ თავზე უფრო მეტის წარმოდგენაა, საკუთარი მეს უფრო მეტი სიყვარულია,ვიდრე იმსახურებ. სხვისი სიყვარულის არცოდნა არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ-ერთი გამოვლინებაა.ადამიანების დიდ ნაწილს არ ესმით რატომ აქვს მეორე ადამიანს მასზე მეტი ფული,ქონება,უკეთესი მანქანა,სამსახური,სახლი,აგარაკი და მარტივად,რომ ვთქვა უკეთესი ცხოვრების პირობები,ვიდრე მას.ადამიანს ჰგონია,რომ ის იმსახურებს ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება,მაგრამ იმაზე კი არ ფიქრობს,რომ სიმდიდრე,ძალიან ბევრ მდიდარ ადამიანის ძალიან დიდი შრომის და ენერგიის ფასად აქვს მოპოვებული. თუ გინდა შენი ცხოვრება უკეთესი იყოს,ვიდრე აქამდე იყო,ამისათვის თავად უნდა მოძებნო გამოსავალი და უკეთესი მომავლისთვის უნდა იბრძოლო,რადგან აუხდენელი ოცნებები და განუხორციელებელი მიზნები არ არსბობს.ადამიანს ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია.შენი მოუგვარებელი ცხოვრების გამართლება მდიდარი ადამიანების ზიზღით სრულიად არაადეკვატური მოვლენაა.

სამწუხაროა,რომ ქართველმა "ერმა" განსაკუთრებით ბოლო ოცდაორი წლის მანძილზე საოცარი სიყვარული გამოავლინა სიძულვილის  მიმართ.მდიდარი ადმიანების მიმართ ქართული საზოგადების გადამეტებული სიძულვილის მიზეზებს წარსულში უნდა ვეძებდეთ.ქვეყანა,რომელიც სამოცდაათი წელი მანძილზე დამახინჯებული მარქსიზმის იდეოლოგიის დიკტატით იმართებოდა,სადაც ადამიანების გონებაზე დაუსრულებელი ცდები მიმდინარეობდა და სადაც მდიდარი ადამიანები და სიმდიდრე დემონიზებული იყო,წარმოუდგენელია ეს ყველაფერი თუნდაც ორ ათეულ წელიწადში აღმოფხვრილიყო,მითუფრო ისეთ ქვეყანაში,რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ არასწორად განვითარების გზას დაადგა და არა იმ გზას,რომელიც საბჭოთა დიკტატის დასრულების შემდეგ ბალტიისპირა ქვეყნებმა აირჩიეს..

ის ზიზღი და სიძულვილი რაც ბოლო პერიოდში ტრიალებს ქართულ "საზოგადოებაში" ყოველგვარ რაციონალურს სცდება.ხშირად მიჩნდება შთაბეჭდილება,რომ ამდენმა სიძულვილმა და აგრესიამ სრულიად გამოგვფიტა და შინაგანად დაგვაცარიელა.მოსახლეობა ტოტალური შიზოფრენიის ზღვარზეა.აუცილებელია ხელისუფლების მიერ სწორი ნაბიჯების გატარება არსებული გაუგონარი სიტუაციის დასაძლევად.

"ერში" ჭარბად მოძალებული სიძულვილის მიზეზი არა მარტო "დიადი საბჭოეთიდან" მოდის,არამედ არც თუ შორეული ოთხმოცდაათიანებიდან,სამოქალაქო ომიდან,შევარდნაძის უძრაობის ხანიდან,სააკაშვილის სადისტური ხელისუფლებისგან და იმისგან,რომ დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი ხელისუფლება არ იყო ორიენტირებული ადამიანზე,ადამიანის უფლებების დაცვაზე და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაზე,რასაც სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება ჰქვია."საზოგადოებაში" კი სადაც ქვეყნის სამოცდათ პროცენტზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვევით არის და ლუკმა-პური ენატრება, ბუნებრივად გაჩნდება მდიდარი ადმიანისადმი ზიზღი და მიუღებლობა.

ჩვენ ფობიებით შეპყრობილი "ერი" ვართ.(ფობია-რაიმე სიტუაციის,ობიექტის,
საქმიანობის,ადამიანის ან ცხოველის მიმართ ძლიერ,პანიკურ,ზიზღამდე 
მისულ შიშს ნიშნავს). გაუგებარია ქრისტიანული კულტურის ქვეყანაში,სადაც თითოეულ პიროვნებას აქვს პრეტენზია იყოს "ჭეშმარიტი მართლმადიდებელი",სიყვარულის და სიკეთის ნაცვლად,სიძულვილი და ზიზღი იფრქვეოდეს.ქართველებს შეიძლება ბევრი ღირსება ჰქონდათ და რამდენიმე კიდეც შემორჩათ,მაგრამ სიძულვილი ჩვენი ნაციონალური,მთავარი მონაპოვარი გახდა.

ერი რომელის ფსიქიკაზე ათეული წლების განმავლობასი მარქსისტული დიქტატი მძვინვარებდა და არ აძლევდა რაციონალურად  განვითარების  უფლებას,თითქოსდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უნდა გაეთავისებინა ადამიანის უფლებები და თავისუფლების მნიშვნელობა,მაგრამ მარქსისტული დიკტატისგან განთავისუფლებული ერის გონებას,კაკებეშნიკების მიერ გამოწრთობილი და ნამხედრიონალი პოლიტიკოსები და სასულიერო პირები დაეპატრონენ.იმის ნაცვლად,რომ კოლექტიური საზოგადეობიდან ინდივიდების საზოგადოებად ვქცეულიყავით,საპირისპირო შედეგი მივიღეთ და გაუნათლებელ,ბნელ,შეუწყნარებელ,ფუნდამენტალისტ და აგრესიულ ბრბოდ გადავიქეცით.

"საზოგადოების" მთავარი დილემა არის ტოტალური უმეცრება,რომელმაც დიდი ხანია ქართველი "ერის" გონებაში დაისადგურა.ერთადერთი გამოსავალი,რომლითაც შეგვიძლია დავძლიოთ ჩვენში დაბუდებული სიბნელე,სიძულვილი და ერთმანეთის მიუღებლობა დავძლიოთ,არის აზროვნების გაბედვა,ხოლო იმისათვის ,რომ გავბედოთ აზროვნება საჭიროა უფრო მეტი განათლება.

სიბნელის ერთადერთი წამალი განათლებაა.17-მა მაისმა კარგად დაგვანახა, თუ რა საშინელი და ანტიჰუმანური განათლების სისტემა გვაქვს. ამავე დროს კარგად დავინახეთ ჩვენ საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის ხარისხიც. სანამ ადამიანებს არ მიეცემათ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება, მანამ შეუძლებელი იქნება ზიზღამდე მისული ფობიები დავძლიოთ საზოგადოებაში. .ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე გავცდეთ საკუთარ ქსენოფობიურ აზროვნებას.

სიმდიდრის სიძულვილი აბსოლიტურად საბჭოთა სტერეოტიპია. გასაგებია, რომ 70 წლის განმავლობაში ამას გასწავლიდნენ, მაგრამ უნდა მიეჩვიოთ, პატივი სცეთ ადამიანებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და გადასახადებს იხდიან.მითუფრო მაშინ,როცა ყველასთვის უნდა იყოს ნათელი,რომ კერძო ბიზნეის გარეშე,რომლემაც უნდა უზრუნველყოც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დასაქმება,რადგან სახელმწიფო აპარატში მაქსიმუსმ თხუთმეტი პროცენტია დასაქმებული,გეზიზღებოდეს ფენა,რომელმაც უნდა დაგასაქმოს და ნორმალური ცხოვრებს პირობები შეგიქმნას,არის აფსურდი.თუ ამის გაკეთება თავად არ შეგიძლიათ, მით უფრო უნდა სცემდეთ პატივს ასეთ ადამიანებს.ძალიან ცუდია, რომ დღეს სოციალისტური განწყობები დომინირებს, მეტიც – ეს ძალიან სახიფათოა. გზა, რომლითაც შეიძლება, საქართველო წავიდეს და, რომელსაც არ ვუსურვებ, ეს ის გზაა, რომლითაც რუსეთი წავიდა.


ერთი შეხედვითაც ძალიან კარგად სჩანს,რომ ჩვენ ყველაფერში ვბაძავთ რუსეთს.თითქმის ყველა სფეროში ჩვენი "საზოგადოებების" დამოკიდებულება გარკვეული საგნებისადმი იდენტურია.კომუნიზმი მთელი მისი არსებობის მანძილზე სწორედ მდიდარი ადამიანის დემონიზებას ახდენდა,რადგან წამატებული და შეძლებული პიროვნება საბჭოთა იდეოლოგიასთან სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდიოდა.აქ ხომ ყალბი თანასწორობა იყო უპირველესი.საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მოკავშირე რესპუბლიკებში ყველაზე კარგად ქართველები ცხოვრობდნენ,არაფერს არ აკეთებდნენ,არ შრომობდნენ,მაგრამ მაინც ყველაზე კარგი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდათ.სიზარმაცე ლამის ჩვენი ნაციონალური ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო დამოუკიდებელი გახდა ,ცხოვრების დონე ძალიან დაეცა.გარკვეული ადამიანები გამდიდრდნენ და ძალიან დიდი უმრავლესობა ხელისუფლებების უუნარობით ძალიან გაღატაკდა.ამან ძალიან დიდი უფსკრული გააჩინა მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის.არა და ძალიან კარგად არის გასააზრებელი,რომ თავისუფალი ბიზნესი ქმნის თანამედროვე ქვეყანაში ეკონომიკას,სამუშაო ადგილებს და მათ მიერ გადახდილი უზარმაზარი გადასახადებით ივსება ბიუჯეტი,რომელიც აფინანსებს განათლებას,ჯანდაცვას,საპენიო ფონდებს და ასე შემდეგ.მეჩვენება,რომ ვჭრით ხის იმ ტოტებს,რომელზედაც ჩვენ ვსხედვართ.


P.S.  მიმაჩნია,რომ მდიდრების მიმართ მიუღებლობა და სიძულვილი შეიცვლება,მაშინ,როდესაც ქვეყანაში ადამიანების ცხოვრების დონე მკვეთრად გაუმჯობესდება,მოსახლეობა დასაქმდება,ხელისუფლებები ადამიანზე იქნებიან ორიენტირებულნი და რაც ყველაზე მთავარია,როდესაც განათლება გახდება ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი,რადგან განათლებული "საზოგადოების" გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე,ცივილური,დასავლური ტიპის ქვეყნის აშენება.ახლა არსებული კომუნისტური მენტალობის "საზოგადოება" კი ასეთ ქვეყანას ვერასდროს ვერ ააშენებს.ქართველ "ერს" სერიოზული მენტალური რევოლუცია ესაჭიროება,ცვლილებების დროა და ეს ცვლილებები,რაც უფრო მალე დადგება,მით უფრო მალე გავცივილიზებულდებით და შევძლებთ ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას,რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის არსებობისათვის.
















No comments:

Post a Comment