Saturday, September 29, 2012

ცოცხი და ძალადობა




ისმის რიტორიკული კითხვა თუ რა საერთო აქვს ცოცხს ძალადობასთან ? თითქმის არანაირი,რადგან ცოცხი შესანიშნავად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და გვეხმარება საკუთარი სახლები,ეზოები და ქალაქები გავასუფთავოთ ნაგვისაგან.

ცოცხს არანაირი კავშირი არ აქვს ძალადობასთან თუ მას შესაბამისად ვიყენებთ.ის სრულიად უწყინარი და საკმაოდ გამოსადეგარი საოჯახო ნივთია.

მაგრამ საქართველოში ყველას ასე როდი ესმით ! ძალიან ბევრი ხელსაწყო ახსოვს მსოფლიო ისტორიას ადამიანებზე წამების განსახორციელებლად,მაგრამ ცოცხი ქართული სიახლეა და მთავარი ნივთი ქართულ პენიტენციალურ სისტემაში პატიმრებზე წამების განსახორციელებლად.

არ შეიძლება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გვერდი აუარო.წინა სტატიაც პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების  წამებას მივუძღვენი.გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი იყო იმ რეალობის დადასტურება,რომელსაც წლების განმავლობაში ვისმენდით სახალხო დამცველის,ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსებნებებიდან.

მაგრამ ვიზუალურმა ეფექტმა ყოველგვარ მოყოლილსა და წანაკითხს გადააჭარბა.ქვეყანა ფსკერზე აღმჩნდა.მოვლენებმა  ნათლად  დაგვანახა ხელისუფლების ამორალური სახე.სათუო გახდა ე.წ „ახალგაზრდა რეფორმატორების“ ყველა მიღწევა,რომელიც მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დადგა.

ჩვენ დავინახეთ ხელისუფლებაში მყოფი რამდენიმე ადამიანი,რომელიც აბსოლიტურმა ხელისუფლებამ აბსოლიტურად გარყვნა.ქვეყანაში სადაც კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდის ნაგლეჯია,წარმოუდგენელია არ მოხდეს ამდაგვარი ძალადობა.

სრულიად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას,რომ პატიმრების მწამებელი ბადრაგის წარმომადგენლები მოძალადეებად დაიბადნენ.ამ აღვირახსნილობის მთავარი არსი კანონის უზენაესობის უგულებელყოფაა,რადგან ძალაუფლება რყვნის,აბსოლიტური ძალაუფლება კი აბსოლიტურად რყვნის პიროვნებებს.

რამდენი ხელისუფლებაც არ უნდა შეიცვალოს,არსებითად არაფერი გამოსწორდება,სანამ კანონი არ გახდება უზენაესი და მის წინაშე თანასწორნი არ ვიქნებით ყველანი.ცივილიზებული დასავლური ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი სამართალია და წარმოუდგენელია სამართლიანობის განცდის გარეშე საქართველო ოდესმე ცივილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა ბრძანა,რომ მოსახლეობას ოთხ წელიწადში ერთხელ აქვს საშუალება თავის ხმა ყველაზე მძაფრ ტყვიად აქციონ.

შეიძლება,ხალხი გააბრიყვო გარკვეული დროის მანძილზე,მაგრამ შეუძლებელია ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.


No comments:

Post a Comment