Tuesday, October 2, 2012

დაბადება




დღევანდელი დილა იყო ძალიან სასიამოვნო და მშვიდი.პირველად მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში,რომ ხელისუფლება ოპოზიციამ არჩევნებით შეცვალა.მიუხედავად სიძნელეებისა ბოლოს და ბოლოს ქართული სახელმწიფოებრიობა დაიბადა.

ეს დღეს,მაგრამ გუშინ ძალიან ვღელავდი,რადგან ხაშურის საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმის გამოჩენის და ძალადობის შემდეგ,მეგონა,რომ თავისუფლების მოედანზე გამარჯვებას ნაადრევად ვზეიმობდით.

ვფიქრობდი თუ ყველაფერი კარგად დამთავრდება ჩვენ ვიქნებოდით თანამდედროვენი და თანამონაწილენი ქართული თანამედროვე სახელმწიფოს დაბადების.

გუშინ მთელი ღამე დილამდე მონაცვლეობით ე.წ „ოპოზიციურ“ არხებს ვუყურებდი და გამთენიისას ემოციებით დაცლილმა ჩამთვლიმა.რამდენიმე საათში გამომეღვიძა და მე უკვე სხვა საქართველო დამხვდა.

ვერ წარმომედგინა ცხრაწლიანი ნაციონალურ-სოციოპათური ძალადობრივი მმართველობა თუ დასრულდებოდა.მითუფრო ვერ წარმომედგინა,რომ ეს ცივილურად მოხდებოდა,ისევე,როგორც დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში ხდება.ვაღიარებ,რომ ნიჰილიზმს ჩემშიც ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები.

მუდმივი დენი;გაზი;წყალი;პოლიტიზირებული,მაგრამ არაკორუფციოული პატრული მილიციის ნაცვლად;კრიმინალებისგან გათავისუფლება;ერთიანი ეროვნუილი გამოცდები;კორუფციის მოშლა სახელმწიფო მანქანის ქვედა ეშელონებში;გზები და შეღებილი  ფასადები არის სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის მთავარი მიღწევები.

მაგრამ მისი მართთველობის დროს შეიზღუდა მედია;დასუსტდა პარლამენტი;ბოლომდე დაკარგა დამოუკიდებლობა სასამართლომ;კორუფციამ უმაღლეს ეშელონებში გადაინაცვლა;სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ინფორმაციის გაუმჭვირვალეობა;მონოპოლიზირებული ბიზნესი;ნულოვანი ტოლერანტობა;ასობით უდანაშაულო ახალგაზრდის  ჩაცხრილვა ქუჩებში პოლიტიზირებული პოლიციის მიერ;კანონის უზენაესობის და კონსტიტუციის მრავალგზის გაუპატიურება;სიღარიბის ზღვარს ქვევით  მილიონ რვაასი ათასი ადამიანი;პატიმრების მასობრივი წამება;შიშის სინდრომის დანერგვა;აგვისტოს 2008 წლის მოვლენები,დამატებით დაკარგული ტერიტორიები:ზემო აფხაზეთი და ცხინვალის  რეგიონის  მიმდებარე ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქართული 140 სოფელი და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარება.

და კიდევ ვინ მოთვლის სააკაშვილის ცხრაწლიანმა მმართველობამ რა უბედურება დაგვმართა,მაგრამ ეს უკვე წარსულია.ცუდია  გლობალიზაციის აყვავების ხანაში,სადაც თითოეული წამიც კი მნიშვნელოვანია  სახელმწიფომ ათიოდე წელი დაკარგოს და უძრაობის ხანაში ჩაიძიროს,მაგრამ ყველანაირ მოვლენას თუნდათ ძალიან უარყოფითსაც  აქვს დადებითი მხარე.

ე.წ ვარდოსნების რეპრესიულ სახელმწიფოში ქართულმა ერმა დაიწყო ჩამოყალიბება,რადგან მაჰათმა განდიმ  ბრძანა,რომ ჭეშმარიტი ერი ტანჯვაში იბადება.2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქარველმა ერმა უარი უთხრა წარსულში დაბრუნებას და მომავალზე მოახდინა ორიენტირება. 

გუშინდელი  ღამე ბავშვის დაბადების ხანგრლივ პროცეს ჰგავდა და საქართველოს საბედნიეროდ,ის სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი დაიბადა,მიუხედავად საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი პროცესისა.

დღემდე საქართველოში ხელისუფლებას ცვლიდა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში პოულობდა ძალას, თავდადებულად დაპირისპირებოდა ამა თუ იმ რეჟიმს. 

გუშინ ხელისუფლება შეცვალა სრულიად საქართველოს მოსახლეობამ. იმედი მაქვს, ამიერიდან მუდამ ამ გზით ვივლით.ჩვენ დავიბრუნეთ  ღირსება.ჩვენ აუცილებლად შევძლებთ  ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენებას და მე მჯერა,რომ აუცილებლად დავიკავებთ ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ დასავლეთში.








No comments:

Post a Comment