სიყვარულის სიმფონია
ცამ ჩაიცვა თეთრი კაბა,
ფერი-მტრედის ანაფრენის…
ცა ღრუბლებით დაიქარგა,
საკმეველით ანაფერი.
მიიწურა შობის ღამე
და დაადნა ცვარი ფოთოლს,
ისე აწვიმს ტაძრის თაღებს,
უეჭველად სადღაც მოთოვს…
მივუყვები მსუბუქ ნისლებს,
სადაც ბზა და სიონია…
და იღვრება მზის სარკმლიდან
სიყვარულის სიმფონია.
აწვიმს ახლა,როგორ აწვიმს,სვეტიცხოვლის ხარაჩოებს
და შორენა უტას აწვდის თავთუხებს და ყაყაჩოებს…
და კამკამა მწვანე ტბაში ირეკლება დალის ტანი,
ვით მირაჟი უდაბნოში-ტკივილამდე ასატანი.
სიყვარული წამებს ითვლის,მზე არა სჩანს სხივთა მფენი,
ოთხი ცხენით ტყეში მიჰქრის თმებგაშლილი ბეთჰოვენი…
უძლურია ტრფობის ალთან მერი,თვალებსხივოსანი,
მარგარიტას ნატერფალთან იკეცება ფიროსმანი.
ვაიმარში მოცელილა საოცარი მადამ ლოტე
და გოეთე იცრემლება ცხელი ჟინით პალერმოდან…
ესიზმრება შატობრიანს მთები,სავსე მანანებით
და ბილიკი,მოჩითული პროვანსული მაქმანებით.
სიყვარულის ლურჯი თქეში-სტენდალი და კლემენტინა…
და ნავარის სასახლეში ფერმიხდილი ჟოზეფინა…
და კამილა ევედრება ერთგულებას გულქვა როდენს,
მძიმე სენის მწუხარება ტაიტამდე დევნის გოგენს…
და უმღერის მომ პაიფიდა პარისა და მასელ სერდანს,
და ენგურის მღვრიე ტალღა ათამაშებს თარაშ ემხვარს,
და უფლისგან დალოცვილნი,თავსდებიან პეპლის ფრთაზე,
და გოია,როგორც ცვილი იღვენთება პალიტრაზე.
ო,ამური ტანჯავს სულებს და გონს ურევს გალაკტიონს,
და ილიას აიძულებს ღამე თეთრად გაათიოს.
და წერეთელს სატრფოს დარდი სევდით ჩააქვს სამარეში
და ეკლებში ტირის ვარდი,ვით აკაკი სავანეში.
სარეცლები დაუქარგავთ იაგუნდებს,ძოწს და ლალაებს
და უფენენ კლეოპატრას ზურმუხტებს და ლილიფარებს…
და მიარღვევს ცისფერ ტალღებს მზეჭაბუკი ორიონი,
ლამაზმანთა გულებს ამსხვრევს ლორდი გორდონ ბაირონი!..
მოსდებიათ ცეცხლის ალი ქალწულებს და მეფე -მგოსნებს,
ამღვრევიათ ორთავ თვალი მდაბიოთ და გვირგვინოსნებს,
არნოს ტყეში ქარაშოტებს უწყვილდება პერსი შელი…
ემონება ვერტერ ლოტეს,როგორც ვინმე ფეხის მტვერი…
და შრტაუსი უძღვნის სატრფოს ვალსებს,როგორც ნიაღვარებს,
და მედეა ვერარ უძლებს სიყვარულის ნიაღვარებს…
იბსენს ფარდის სინაზეში ელენდება ემილია,
დგანან რამპის სინათლეში ჰამლეტი და ოფელია…
ბონაპარტეს სიყვარული ჰგავს ქარიშხალს,გრიგალს,ელვას!-
და ღრუბელთა ფარდაგებზე ისევ როკავს თეთრი ქალი,
ვით ოდეტა,-ფარვანების და გედების დედოფალი!..
ვიღაც პოეტს წვავენ ჩუმად და ტკაცუნი ისმის შეშის…
ცის რიჟრაჟი შვენის შუმანს,აქცევს ბგერად,მერე შეშლის…
და ვაგნერის აკორდები მატილდამდე მიაქვს მთოვარს.
და ჩიტივით უცემს გული გზააბნეულ მადამ ბოვარს,
ესმერალდა ეთხოვება ამა სოფლის მაწამებელს,
გონმიხდილი კარენინა უვარდება მატარებელს,-
და ხარხარებს ბედისწერა, ვით ჯამბაზი სეკუნდანტი,
ტახტს და ტრფობასს ეწირება ეშაფოტზე სტიუარტი!
ვნაბააშლილ თამამ დამებს კრთომით უმზერს ანგელოზი
და მიჯნურთა დიად დრამებს წერენ: დანტე ,ჰომეროსი…
და მგზნებარე,მწვავე ვნება აბარბაცებს ლუკრეციას,
,,სიყვარულის ხელოვნება“-ასამარებს ოვიდიუს!..
და სამყაროს აზანზარებს,როს კარმენი ნისლში ცეკვავს,
და ნოტრდამის ტაძრის ზარებს კვაზიმოდო დრესაც რეკავს!
და უგალობს ცას და მიწას სიყვარულის მწველი ქორო,
უნგრევს პოეტს გულისფიცარს სიყვარულის ვატერლოო!..
და გიზგიზებს დედამიწა,და მიჯნური მიჯნურს ირჩევს,
და თველები უგავთ რიწას ჯულიეტას და ბეატრიჩას…
და ციმციმებს ათასფერად თასი,ცრემლით ანავსები,
ნახანჯლარნი ყრიან ველად პრინცები და პრინცესები!..
ცხელი სისხლით დანამულან დაშნები და მახვილები
და ბაფთებში განაბულან საჩუმათო სამხილები…
საფლევები დაუფარავთ ზამბახებს და ია-იებს,
სიყვარული ათანაბრებთ სეფექალთ და გრაფინიებს!..
ვიღაც მუდამ დადის ცალად,სევდას არვინ დაუამებს…
სიყვარული უღირთ ჩალად,-ალფონსებს და დონ-ჟუანებს..
და საეჭვო ვნების კვალი ლეწავს ვან გოგს,ტულუზ-ლოტრეკს,
და პილატეს ცრემლით მთვრალი მიაცილებს მთვარე ბოდლერს!..
თამუნია-ტციანს და
ალუბლები-ასათიანს!..
წითელ მიხაკს უძღვნის ანნა-
მონმარტრსა და მოდილიანს.
გვირგვინები -ჰიუგოს და
საწამლავი-ეულ გრანელს?!
ტატოს-შავი ბედაური,
ნეტავ საით მიაქანებს?!
ო,ამური ისრვრის ისრებს და მზაკვრობას აღარ იშლის
და უგზავნის შავბნელ მისნებს მაჩაბელს და გურამისვილს…
წუთისოფლის მღელვარებას უცქერს ვაჟა,როგორც ზევსი
და დასტირის შოტლანდიას ლექსტა მეფე,რობერტ ბერნსი!..
ვერ ელევა თამარს შოთა ,სევდით ტოვებს სოფელს ამოს,
უცნაურად ესმით ტრფობა მურმანსა და აბესალომს…
და გიორგი კესოს ნდომით,თავს ევლება ვარდს და იელს…
მომაკვდავი მარგარიტა თმებში იწნავს კამელიებს…
სადღაც,თითქოს კვნესის ვიღაც,ვიღაც ტირის,როგორც ბავშვი,
და რომეოს უთენდება მწუხრის დილა ვერონასი.
ვიღაც მუდამ კარგავს იმედს,ოქროს კოშკებს აღად აგებს
და ვენერა მიაცილებს ეტლებსა და კატაფალკებს…
ხავერდებში განაბულა სიყვარულის დიდი მტერი,-
ორთაჭალის ტყისკენ გარბის ირემივით-ახმეტელი!..
და ოტელო,როგორც შლეგი,მოკლულ სატრფოს უძღვნის ამბორს,
და ონისე გამალებით მიუყვება ახლად ნათოვს…
ბორეასი გაშმაგებით მზეთუნახავს უნგრევს კარებს,
დაუპყრიათ ვარსკვლავეთი-ჰიადებს და პლეიადებს.
ზეფიროსი,როგორც ქურდი,ხეთა ჩრდილებს ეფარება.
ჩუმად უცქერს ჰიაკინთოს,გული ეჭვით ესერება.
და ეძლევა მწუხარებას ზღვს სივრცეში ოდისევსი.
და ქარებს სთხოვს დახმარებას,ტროას გმირი აქილევსი;
და ცოდვლი,ნაზი ხელი თმებს უწეწავს ოიდიპოსს,
რომ ვნებათა გახელებით,თვით სამყარო გნაცვიფროს!..
ათას ერთი ტკბობის ღამე…
ვარდები და ვიოლინო…
შადრევნიდან მოკამკამე
ათას ერთი თასი ღვინო…
შაჰრაზადის ზღაპრები და
ჯადოსნური დერვიშები…
სურათები ზმანებიდან,-
მოცეკვავე გეისები…
სარეცელი ძოწეულის,ქალი-ნაზი,სადაფივით…
სავსე,როგორ ბროწეული,და მოცარტის აკორდივით!..
ღმერთო!როგორ ბრწყინავს მთვარე და კონკიას ბროლის ქოში…
და ნიძაო მინარნარებს,-გამოკრული კიმონოში…
ოქროს ტახტი რუსთაველს და
ოქროს კვერთხი-კონსტანტინეს!
ტრფობის კოშკი აურიათ
ნესტანებს და თინათინებს!..
პალმის ტოტი ფირდიუსს და
ცხრა ლახვარი ასათიანს?!
და უფენენ დაფნის რტოებს,-
,,შაჰ-ნამე და ,,ვისრამიანს“!…
და ფრთხიალებს ოქროს თევზი ,და შველას სთხოვს მებადურებს,
სიყვარულის ქალღმერთებს და სიყვარულის ტრუბადურებს!..
ლექსებს ქსოვენ პოეტები,უზადოს და უნაპიროს…
მოუყვება გალა ჩუმად მტკვრის მარცხენა სანაპიროს…
და იფრქვევა ფერთა გამმა,მაღლა,მაღლა,ლურჯი ცისკენ!..
და მიფრინავს უცხო დამა ქარაფიდან ღრუბლებისკენ!..
და უგალობს ცას და მიწას სიყვარულის მწველი ქორო!..
სიყვარულის დიდგორი და სიყვარულის ვატერლოო!..
და სამყაროს აზანზარებს,როს კარმენი ცეცხლში ცეკვავს,
და ღვთისშობლის ტაძრის ზარებს კვაზიმოდო რეკავს!..რეკავს!..
ღმერთო,ნუთუ ამ სტრიქონებს თბლისური წვიმა წაშლის?
ვერ მივართმევ ლექსთა კონებს-ლაღიძეს და ფალიაშვილს?!
ნუთუ თავად დავესწრები ალავერდში პანაშვიდებს?!
ნუთუ დედა ღვთისმშობელი არასდროს არ დამამშვიდებს?!
მაშინ,რატომ გუყგუნებენ ცარგვალიდან ორკესტრები?!
ო,შენდობას,როგორც თოვას,უეჭველად მოვესწრები!!..
უეჭველად,უეჭველად შემიწყალებს მარიამი,
იტყვის ალბათ,-საბრალოა,რადგან მაინც ქალი არის!..
და დამლოცავს მწუხარეს და სახიფათოდ დამცირებულს,
და განმკურნავს სატრფიალო შეცდომებით დამძიმებულს…
და როს მზერას მოვთოკავ და ფრთებს შევკვეცავ ფანტაზიებს,
ჩემი ლექსის სითამამაეს,ალბათ,ღმერთიც მაპატიებს!..
ცამ ჩაიცვა თეთრი კაბა,
ფერი-მტრედის ანაფრენის…
ცა ღრუბლებით დაიქარგა,
საკმეველით ანაფერი.
მიიწურა დიდი ღამე
და დაადნა ცვარი ფოთოლს…
ისე აწვიმს ტაძრის თაღებს,
უეჭველად მოთოვს,მოთოვს…
მივუყვები მსუბუქ ნისლებს,
სადაც ბზა და სიონია…
და იღვრება მზის სარკმლიდან-
სიყვარულის სიმფონია!..
თინათინ მღვდლიაშვილი
No comments:
Post a Comment